კონსულტაციები დმანისში – მიუსაფარ ცხოველთა მართვის პოლიტიკის შესამუშავებლად

22.02.2024

დმანისის მუნიციპალიტეტმა, „ჩაერთე მართვის“ კლუბის ინიციატივით, დაიწყო მიუსაფარი ცხოველების მართვის პოლიტიკის შემუშავება. ამ მიზნით, 21 თებერვალს, გაიმართა საჯარო კონსულტაცია დაინტერესებულ მოქალაქეებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

შეხვედრა წარიმართა, მოქალაქეთა მონაწილეობის ინოვაციური ინსტრუმენტის გამოყენებით, რომელიც მოიცავდა მოქალაქეების სწავლების ფაზას, რეკომენდაციებზე მუშაობის და ხმის მიცემის ფაზას.

შეხვედრა დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ პაატა ყულიაშვილმა და USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელმა კევინ მაკლოკლინმა გახსნეს. მათ ისაუბრეს რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში მოქალაქეთა მონაწილეობა და აქტიურობა.

სფეროს ექსპერტებმა, კონსულტაციებში მონაწილეებს გააცნეს თუ რა გზებით არის შესაძლებელი მიუსაფარი ცხოველების პრობლემებზე მუშაობა. ზვიად ასანიშვილმა, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, მონაწილეებს გააცნო თბილისის გამოცდილება და ის პრაქტიკა, რასაც თბილისის მუნიციპალიტეტი ახორციელებს. ანა მეცხვარიშვილმა – ორგანიზაცია Mayhew Georgia-ს წარმომადგენელმა ისაუბრა ორგანიზაციის გამოცდილებაზე და იმ სტანდარტებზე, მიდგომებზე რაც მნიშვნელოვანია ცხოველთა პოპულაციის მართვის და კეთილდღეობისთვის. ხოლო ლუსინე დოსტიბეგიანმა, თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა, მონაწილეებს გაუზიარა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამოცდილება.

რეკომენდაციების შემუშავების ეტაპზე, მოქალაქეებმა მცირე ჯგუფებში იმუშავებს ექსპერტებთან ერთად და ჯამში 31 რეკომენდაცია შეიმუშავეს. შეხვედრის ბოლო ეტაპზე კენჭისყრის საშუალებით მოქალაქეებმა სამი პრიორიტეტული მიმართულება გამოკვეთეს:

  1. მიუსაფარი ცხოველების კასტრაცია და სტერილიზაცია;
  2. საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანია;
  3. მუნიციპალიტეტის მიერ მიუსაფარი ცხოველების სტრატეგიის და საბიუჯეტო პროგრამის შემუშავება.

აღნიშნულ რეკომენდაციებს დაეფუძნება დმანისის მუნიციპალიტეტის მიუსაფარი ცხოველების მართვის პოლიტიკა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, აქტიურად იყვნენ ჩართულნი საკონსულტაციო შეხვედრაში ადგილობრივი მაცხოვრებლები. მათი ინტერესი საკმაოდ მაღალი იყო, ამას მოწმობს კონსულტაციის უკუკავშირიც. მაგალითად, „შეხვედრა იყო სახალისო, ინფორმაციული და არაჩვეულებრივი“; „შეხვედრა იყო ძალიან გუნდური და მიზანმიმართული“; „შეხვედრა იყო მეგობრული და შედეგზე ორიენტირებული“; „დავინახე შედეგის მომტანი საქმიანობა“.

ღონისძიება გაიმართა დმანისის მუნიციპალიტეტის, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI), დმანისის „ჩაერთე მართვის“ კლუბის ინიციატივით, USAID–ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით.