”მოხალისეობის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტი

26.03.2013

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა გამართა მრგვალი მაგიდა თემაზე “მოხალისეობის სამართლებრივი რეგულირების გაუმჯობესება საქართველოში”. ღონისძიების ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ შემუშავებული “მოხალისეობის შესახებ” კანონის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. კანონპროექტი ადგილობრივი პარტნიორებისგან მოწოდებულ ინფორმაციებსა და ინიცატივებზე დაყრდნობით, აგრეთვე საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შემუშავდა.

მისი მიზანია დაარეგულიროს ყველა სამართლებრივი პრობლემა, რომლებსაც საზოგადოებრივი ორგანიზაციები საქართველოში მოხალისეთა მასპინძლობისას აწყდებიან.

შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც მონაწილეებმა საკანონმდებლო პაკეტი განიხილეს და საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს.

ისაუბრეს იმ საგადასახადო დაბრკოლებების შესახებაც, რომლებიც ხელს უშლიან მოხალისეობის განვითარებას საქართველოში. შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა მზადყოფნა გამოთქვეს შემდგომი ნაბიჯების განხორციელებისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან თანამშრომლობისათვის.
პროექტი ორგანიზებულია საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირების და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის ფარგლებში (G-PAC), რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ (EWMI).