26 სექტემბერს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა ფორუმი „მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი განვითარებისთვის“.
ფორუმის მიზანი იყო მოქალაქეთა მონაწილეობის მიმართულებით არსებული გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება, გამოწვევებისა და შესაძლებლობების გაანალიზება, ამ კუთხით მნიშვნელოვან საკითხებზე დიალოგისა და დისკუსიის სივრცის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს სამოქალაქო მონაწილეობის საკითხით დაინტერესებული აქტორების შესაძლებლობების გაძლიერებას და მათ შორის თანამშრომლობის სტიმულირებას.
ფორუმი რამდენიმე პანელს მოიცავდა:
- მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმალური და დამატებითი მექანიზმები;
- ახალგაზრდების მონაწილეობა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში – გამოწვევები და წარმატებული მაგალითები;
- დისკუსია დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
ფორუმის დასაწყისში სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის დირექტორმა, ვაჟა სალამაძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენელმა კახა გურგენიძემ ყურადღება გაამახვილეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობასა და არსებულ მექანიზმებზე.
მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმალურ და დამატებით მექანიზმებზე ისაუბრეს როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. ასევე ისაუბრეს ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდების მონაწილეობის საკითხებზე. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მიერ ორგანიზებული ფორუმი დონორთა პანელით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ USAID–ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის, გაეროს ასოციაციის (UNAG), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები. მათ წარადგინეს ის პროგრამები და შესაძლებლობები, რომლებიც ხელს უწყობს მოქალაქეთა მონაწილეობას ადგილობრივ დონეზე.
ფორუმი ორგანიზებულია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) პროექტის – „ადგილობრივი განვითარების აქტორების მდგრადი კავშირის შექმნა საქართველოში“ – ფარგლებში, რომლის ფინანსური მხარდამჭერია გერმანული საერთაშორისო ფონდი „პური მსოფლიოსთვის“ (Bread for the World).