ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების საკრებულოებმა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) ბათუმის ფილიალის მხარდაჭერით შემუშავებული პეტიციები დაარეგისტრირეს.
პეტიციები – ,,მწვანე უბნები ბათუმს“ და „გარე განათება მაჭახელას სოფლებს“, საინიციატივო ჯგუფებმა ივნისში ონლაინ დაარეგისტრირეს.
ბათუმში რეგისტრირებული პეტიცია – ,,მწვანე უბნები ბათუმს“, ქალაქ ბათუმში მწვანე, რეკრეაციული სივრცეების სახელდებას, მათთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებასა და დაცვას ითვალისწინებს. მისი მიზანია ბათუმის 14-ვე უბანში არსებობდეს ყველასთვის თანაბარი და ხელმისაწვდომი მწვანე გარემო.
რაც შეეხება ხელვაჩაურში რეგისტრირებულ პეტიციას – „გარე განათება მაჭახელას სოფლებს“, იგი ხელვაჩაურის მაღალმთიანი სოფლების შიდა გზების გარე განათებით უზრუნველყოფას ეხება. მაჭახლას ხეობა ერთ-ერთი უნიკალური ბუნებრივი ტერიტორია და მნიშვნელოვანი ტურისტული დანიშნულების ადგილია.
დღეისთვის, პეტიციას „მწვანე უბნები ბათუმს“ – 721, პეტიციას „გარე განათება მაჭახელას სოფლებს“ კი – 533 ხელმომწერი ჰყავს. ხელმოწერების კანონით გათვალისწინებული რაოდენობის დაგროვების შემდეგ, პეტიციები საკრებულოებმაც დაარიგისტრირეს, რამაც მათ იურიდიული ძალა შესძინა. ახლა, მუნიციპალიტეტის შესაბამისის სამსახურები ვალდებულნი არიან, ავტორთა მონაწილეობით, 1 თვის ვადაში განიხილონ პეტიციები და, განხილვის შემდეგ, 15 დღის ვადაში გამოიტანონ გადაწყვეტილება.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი, ორგანიზაცია „პური მსოფლიოსთვის“ (Brot für die Welt) და „ღია საზოგადოების ფონდთან“ თანამშრომლობით, მხარს უჭერს სამოქალაქო აქტივიზმს და მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერებას ადგილობრივი გადაწყვეტილების პროცესში.