ტრენინგ–პროგრამა საკრებულოსთვის – „მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერება“

31.07.2023

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, შეიმუშავა ტრენინგ–პროგრამა – „მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერება“.

პროგრამა შედგენილია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებისა და საკრებულოს აპარატის მოხელეებისთვის. მისი მიზანია მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაძლებლობების გაძლიერება მის მიერ კანონმდებლობით მინიჭებული მანდატის შესრულების, მისი ანგარიშვალდებულების გაზრდისა და მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობის გაძლიერების კუთხით.

ტრენინგ–მოდული შემუშავდა, სამიზნე მუნიციპალიტეტებში (ბათუმი, ჩოხატაური, მარნეული, დმანისი), მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ ტრენინგების საჭიროებების შეფასების საფუძველზე.

პროგრამა მოიცავს ორ მოდულს:

1. მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერება – ძირითადი სტანდარტები და გარანტიები;

2. საკრებულოს წევრების ანგარიშვალდებულება.

ტრენინგის პირველი ციკლი ჩატარდება 1-7 აგვისტოს – ჩოხატაურის, ბათუმის, მარნეულის დმანისის მუნიციპალიტეტებში. ტრენინგებს გაუძღვებიან ლევან ფანიაშვილი, ნათია აფხაზავა.

ტრენინგის მეორე ციკლი ჩატარდება სექტემბრის დასაწყისში და გაუძღვება კოკა კიღურაძე.

USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა წარმოადგენს ხუთწლიან ინიციატივას, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება საქართველოში. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერას და ადგილობრივ თვითმმართველობებში ეფექტიანობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას.

პროგრამა მუშაობს ადგილობრივ თვითმმართველობის დონეზე ანგარიშვალდებულების გაძლიერების, ინკლუზიური და მომხმარებელზე ორიენტირებული საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესების კუთხით და დახმარებას უწევს, ცენტრალურ ინსტიტუტებს დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებაში. პროგრამის გვერდი სოციალურ მედიაში: ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა