26 დეკემბერს, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” გაიმართა სოციალურ საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტთა კონკურსში გამარჯვებულების დაჯილდოება. ღონისძიებას ესწრებოდნენ მედიის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
“ვიზრუნოთ ერთმანეთზე” – ასე ჰქვია კონკურსს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა, სოციალური საკითხების ფართოდ და ღრმად გაშუქების მიზნით, სოციალურ საკითხებზე მომზადებული საუკეთესო საგაზეთო სტატიის, საუკეთესო ფოტო ნამუშევრის, საუკეთესო სატელევიზიო და რადიო სიუჟეტების გამოსავლენად დააფუძნა. შესაბამისად, კონკურსი ამ ოთხ ნომინაციაში გამარჯვებულის გამოვლენასა და მათ დაჯილდოვებას ისახავდა მიზნად. თითოეულ ნომინაციაში გაიცა ორი – პირველი და მეორე პრემია.
შემოვიდა 50-მდე ავტორის სტატია, ფოტო, რადიო და ტელე სიუჟეტები. შემოსული საკონკურსო მასალები შეაფასეს ჟიურის წევრებმა. ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ – ვაჟა სალამაძე, ზვიად ქორიძე. დავით პაიჭაძე, გურამ წიბახაშვილი, ლიკა ჩახუნაშვილი, სოსო სიმონიშვილი.
ჟიურის წევრებმა კონკურსის გამარჯვებულები დასკვნით ღონისძიებაზე, 26 დეკემბერს, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” დაასახელეს.
საუკეთესო საგაზეთო სტატიის ავტორად გამოცხადდა ჟურნალისტი მაკა ჯაიანი წერილისთვის “ნარკომანია განაჩენი არარის” (გამოქვეყნდა გაზეთ “რეზონანსში”);
საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტის ავტორად გამოცხადდა თემურ ბარძიმაშვილი, სიუჟეტისთვის “უსინათლოთა დასაქმება” (gipa);
საუკეთესო ფოტო ნამუშევრის ავტორად გამოცხადდა ფოტოხელოვანი მარიკა ამურველაშვილი ფოტოსთვის “პორტრეტი”.
თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცა ფულადი ჯილდო – 1000 ლარი, გამარჯვებულის სიგელი და პრიზი.
რაც შეეხება საუკეთესო რადიო სიუჟეტს, ჟიურის გადაწყვეტილებით პირველი და მეორე საპრიზო ფონდი გაერთიანდა და 500-500 ლარის ოდენობით გადაეცა სამ ავტორს – გოგა აფციაურს საუკეთესო რადიო სიუჟეტისთვის “დამეხმარეთ” (რადიო “თავისუფლება”), ეკა ჭითანავას საუკეთესო რადიო სიუჟეტისთვის “მიუსაფარი ბავშვები” (რადიო gipa), ჯიმშერ რეხვიაშვილს საუკეთესო რადიო სიუჟეტისთვის “მიგრაცია” (რადიო “თავისუფლება”).
მეორე პრემიის მფლობელი საგაზეთო სტატიის ავტორი ჟიურის არ გამოუვლენია, მათივე გადაწყვეტილებით საპრიზო ფონდი ორ ნაწილად გაიყო და წამახალისებელი ჯილდოს სახით გადაეცათ ჟურნალისტებს – ცაულინა მალაზონიას (“მესხეთის ექსპრესი”) და ქეთევან მიშველიძეს (“მესხეთის კარიბჭე”). შესაბამისად თითოეულ მათგანს გადაეცა ფულადი ჯილდო 250 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება სატელევიზიო სიუჟეტსა და ფოტოს, ჟიურის გადაწყვეტილებით მეორე პრემია გადაეცა ჟურნალისტ ნინო შურღაიას სიუჟეტისთვის “როგორ გავატარე ზაფხული” (საინფორმაციო პროგრამა “მოამბე”, პირველი არხი), ხოლო ფოტოხელოვან გია გოგატიშვილს ფოტოსთვის “გმირთა მოედანი”. შესაბამისად თითოეულ მათგანს გადაეცა ფულადი ჯილდო 500 ლარის ოდენობით, გამარჯვებულის სიგელი და პრიზი.
კონკურსის წლევანდელი პარტნიორი იყო სადაზღვევო კომპანია აი-სი ჯგუფი, რომელმაც ოთხივე ნომინაციაში დააწესა სპეციალური პრიზი – ერთწლიანი ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი. სადაზღვევო კომპანიის გადაწყვეტილებით აგვისტოს მოვლენების გაშუქებისთვის სადაზღვევო კომპანიის პრიზი გადაეცათ – ნინო დალაქიშვილს (გაზეთი “24 საათი”), ნინო შურღაიას (საინფორმაციო პროგრამა “მოამბე”, პირველი არხი), ეკა ქევანიშვილს (რადიო “თავისუფლება”), თემურ ბარძიმაშვილს (gipa).