ერთად ვიზრუნოთ მომავალზე, სოციალური საწარმო – განვითარების ახალი შესაძლებლობა

05.12.2010

სოციალური მეწარმეობა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, იგი საქმიანობის ახლებურად ორგანიზების, სოციალური მიზნების განხორციელების ეფექტური გზაა. ბრიტანეთის საბჭო, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი გაერთიანდნენ, რათა ხელი შეუწყონ საქართველოში სოციალური მეწარმეობის კონცეფციისა და პრაქტიკის პოპულარიზაციას.

ამ პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილია:

  • საინფორმაციო კამპანიის შემუშავება და გახორციელება;
  • პოტენციური სოციალური საწარმოების ტრეინინგი;
  • საგრანტო კონკურსები;
  • კონსულტაციები;
  • უცხოური გამოცდილების გაზიარება და სასწავლო ტურების ორგანიზება;
  • შესაბამისი საკონსულტაციო ბაზის შესწავლა;
  • ადვოკატირება.

ოთხშაბათს, 15 დეკემბერს, თბილისის ივენთ ჰოლში (მელიქიშვილის გამზირი #1) პარტნიორი ორგანიზაციები ატარებენ ღონისძიებას, რომელიც ეძღვნება საქართველოში სოციალური მიზნების გახორციელების ახალი გზებისა და სოციალურ სფეროში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის ახლებურად ორგანიზების პოპულარიზაციის საკითხებს.

დღის წესრიგი:
12:00–17:00 გამოფენა–გაყიდვა
სოციალური საწარმოები და ზრუნვაზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები გამოფენენ საინფორმაციო მასალებს თავის საქმიანობის შესახებ და წარმოადგენენ შექმნილ პროდუქციას. სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა იყიდონ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი, ხელნაკეთი ნივთები, ხის ნაწარმი და სხვა.

13:00–14:00 საქართველოს სოციალური მეწარმეობა – წლის ანგარიში
საქმიანობისა და მიღწევების, გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება კითხვა-პასუხის სესია.

14:00–15:00 ჟურნალისტთა კონკურსის – “ვიზრუნოთ ერთმანეთზე” 2010 – გამარჯვებულთა დაჯილდოვება
2006 წლიდან სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი მართავს ჟურნალისტთა კონკურსს “ვიზრუნოთ ერთმანეთზე”, რომელიც ზრუნვაზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების გარემოს გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში ხორციელდება. სოციალურ საკითხებზე შექმნილ საუკეთესო ფოტოს, საგაზეთო სტატიის, საუკეთესო სატელევიზიო და რადიო სიუჟეტების ავტორები წელს მეოთხედ დაჯილდოვდებიან.

15:30–16:30 ფურშეტი, ჯაზ ბენდის კონცერტი