კამპანიის “ეს ქვეყანა შენიას” პრეზენტაცია

22.09.2019

27 სექტემბერს, 11:30 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში გაიმართება ფართომასშტაბიანი სამოქალაქო კამპანიის – „ეს ქვეყანა შენია!“ პრეზენტაცია.

კამპანია „ეს ქვეყანა შენია“ ემსახურება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, სამოქალაქო ღირებულებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაციასა და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობას.

კამპანია მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფუნქციის და როლის გაცნობას საზოგადოებისთვის, აქტიური მოქალაქეობისა და სამოქალაქო ჩართულობის წახალისებას, რათა ხელი შეუწყოს სამოქალაქო ფასეულობებისა და დემოკრატიის გამყარებას. ღირებულებებზე დაფუძნებული კამპანია დაეხმარება საზოგადოებას გააცნობიეროს, რომ გზა ევროპული ტიპის საზოგადოებისკენ (სადაც დაცულია უსაფრთხოება, ადამიანის უფლებები, არის ეკონომიკის, განათლების მაღალი დონე, დაცულია სოციალური უფლებები) გადის სამოქალაქო საზოგადოების ღირებულებებზე.

პრეზენტაციას დაესწრება ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ბატონი კარლ ჰარცელი. ასევე მოწვეულები არიან ადგილობრივი, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, ცენტრალური და რეგიონული მედიის წარმომადგენლები, აგრეთვე, სამოქალაქო აქტივისტები, ახალგაზრდები და საზოგადოებრივი აზრის ლიდერები. მათი ჩართულობა გაზრდის კამპანიის მასშტაბს, გააჩენს პროცესში მათი თანაზიარობის განცდას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით არსებული ძალისხმევის სინერგიას.

ქვეყნის განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული აღნიშნულ პროცესში თითოეული მოქალაქის მიერ მისი როლისა და პასუხისმგებლობის გაცნობიერებაზე.

სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენია“ მიმდინარებს „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.