ერთად ვიზრუნოთ მომავალზე

15.12.2010

15 დეკემბერი ივენთ ჰოლი. ერთობლივი ღონისძიების მიზანს საქართველოში სოციალური მეწარმეობის კონცეფციისა და პრაქტიკის პოპულარიზაცია წარმოადგენდა, სოციალური მეწარმეობა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და იგი საქმიანობის ახლებურად ორგანიზების, სოციალური მიზნების განხორციელების ერთ–ერთი ეფექტური გზაა. შესაბამისად, ერთობლივი ღონისძიება ერთჯერადი აქციის სახეს არ ატარებდა და ოთხი ორგანიზაციის პარტნიორობის ფარგლებში ამ მიმართულებით იგეგმება: საინფორმაციო კამპანია, პოტენციური სოციალური საწარმოების თანამშრომელთა ტრენინგები, საგრანტო კონკურსები, კონსულტაციები, უცხოური გამოცდილების გაზირება და სასწავლო ტურების ორგანიზება, ადვოკატირება.

15 დეკემბერს გამართული ღონისძიება, რომელსაც საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების, დონორებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რამდენიმე აქციის ერთობლიობას წარმოადგენდა:

  • სოციალურ საწარმოებსა და ზრუნვაზე ორიენტირებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებში შექმნილი პროდუქციის გამოფენა–გაყიდვა;
  • საქართველოში სოციალური მეწარმეობა – წლის ანგარიში;
  • ჟურნალისტთა კონკურსის – „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ 2010 – გამარჯვებულთა დაჯილდოვება.

გამოფენა–გაყიდვა

სოციალურმა საწარმოებმა და ზრუნვაზე ორიენტირებულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა გამოფინეს საინფორმაციო მასალები თავის საქმიანობის შესახებ და წარმოადგინეს შექმნილი პროდუქცია. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ და ეყიდათ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი, ხელნაკეთი ნივთები, ხის ნაწარმი და სხვა. გამოფენაში მონაწილეობას იღებდა 10 სოციალური საწარმო და 21 ზრუნვაზე ორიენტირებული ორგანიზაცია.

საქართველოს სოციალური მეწარმეობა – წლის ანგარიში

2008 წელს ბრიტანეთის საბჭო, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი გაერთიანდნენ, რათა ხელი შეუწყონ სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციას საქართველოში. საქმიანობისა და მიღწევების, გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ გაიმართა პრეზენტაცია. დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ერთობლივად უკვე განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები. გაჟღერდა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისა და თბილისის მერიის ერთობლივი ინიციატივა – ფონდის მიერ გაცემული გრანტებისა და მერიის „იაფი კრედიტის“ პროგრამის ფარგლებში სოციალური საწარმოების ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, აღნიშნული ინიციატივის განხორციელება 2011 წლის 1 იანვრიდან იგეგმება.

ჟურნალისტთა კონკურსის – “ვიზრუნოთ ერთმანეთზე” 2010 – გამარჯვებულთა დაჯილდოვება

“ვიზრუნოთ ერთმანეთზე” – ასე ჰქვია კონკურსს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა, სოციალური საკითხების პოპულარიზაციისა და ღრმად გაშუქების მიზნით დააფუძნა და უკვე მეოთხედ ჩატარდა. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა კონკურსი შემოდგომაზე გამოაცხადა და მისი მიზანია სოციალურ საკითხებზე მომზადებული საუკეთესო სტატიის, საუკეთესო სატელევიზიო და რადიო სიუჟეტების, საუკეთესო ფოტო ნამუშევარის გამოვლენა.