2007 წლის 27 ივნისს, წინანდალში გაიმართა პრეზენტაცია -“კახეთის რეგიონის გამოწვევები – 2007”. შეხვედრას ესწრებოდნენ დონორი ორგანიზაციების, საქართველოში მოქმედი საელჩოების წარმომადგენლები. კახეთის რეგიონში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა გია ნაცვლიშვილმა სტუმრებს გააცნო რეგიონში მიმდინარე პროექტები, არსებული პრობლემები, ნაჩვენები იყო კახეთის რეგიონის შესახებ ფილმი. პრეზენტაცია კახეთის რეგიონში სამოქალაქო საზოგადოებისა და ხელისუფლების თანამშრომლობის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი კახეთის რეგიონში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივაა და ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის პატნიორულ პროექტს წარმოადგენს.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს კახეთის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობას, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების გააქტიურება-წახალისებას, ადგილობრივი პრობლემების განსაზღვრასა და მის გადაჭრაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვას.
ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის პარტნიორული პროექტი მთელ რიგ ღონისძიებებს ითვალისწინებს. მათ შორის, დონორთა საკოორდინაციო შეხვედრების ორგანიზებას კახეთის რეგიონში. პროექტის ფარგლებში ჩატარდება ტრენინგები, საჯარო შეხვედრები, რაც ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართვას ადგილობრივი პოლიტიკის განსაზღვრასა და ეფექტური ადმინისტრირების დაგეგმვაში.